30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
გამოჯანმრთელებული და ინფიცირებული პაციენტები - საქართველოში კორონავირუსის ე.წ. მესამეული გადაცემა პირველად დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული პირველი პირი, სავარაუდოდ იქნება ასევე პირველი, რომელიც კორონავირუსისაგან განიკურნა. 50 წლის მამაკაცისათვის გუშინ ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. დადასტურებულად ქვეყანას პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი იმ შემთხვევაში ეყოლება, თუ განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითი იქნება.

მამაკაცი 26 თებერვალს საქართველოში აზერბაიჯანის საზღვრის გავლით ბრუნდებოდა, როდესაც ტემპერატურის გამო კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე ის ირანში იმყოფებოდა.

პირველ პაციენტზე პოზიტიური მოლოდინის პარალელურად, 30-მდე გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ხუთივე ახალი შემთხვევა იტალიასთანაა კავშირში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს როგორ მოხვდა მათ ორგანიზმში COVID-19, თუმცა ამირან გამყრელიძემ სწორედ მათზე საუბრის დროს თქვა, რომ ქვეყანაში ე.წ. მესამეული გადაცემა დაფიქსირდა.

კურიერის ინფორმაციით, ხუთ ინფიცირებულს შორის თბილისის ერთ-ერთი საავტომობილო ცენტრის თანამშრომელი მამაკაცია. ცენტრი ამჟამად დაკეტილია, რასაც კომპანიის დაცვის სამსახური რემონტით ხსნის, თუმცა ადასტურებენ, რომ ოფისში სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდა. მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც მის მეუღლეს, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინეს. ქალის ინფიცირების წყარო კი იტალიიდან ჩამოსული თანამშრომელია, რომელიც ასევე კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობას გადის.

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ტესტი კორონავირუსზე 2 პაციენტს ჩაუტარდა. ორივეს პასუხი უარყოფითი იყო.

თბილისის ინფექციურ ცენტრს მალე კიდევ 4 კლინიკა დაემატება, სადაც პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ. მერვე საავადმყოფოში, რესპუბლიკური საავადმყოფო, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში და გორის ჰოსპიტალში 440 საწოლი კორონავირუსით დაავადებული ან საეჭვო პაციენტების სამკურნალოდ მოეწყობა. მთავრობის მიმართვის შემთხვევაში 3600 საწოლს 2 დღეში მოაწყობენ კერძო კლინიკებიც. მითითება მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გასცა.

COVID-19-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობის ზრდის ფონზე დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს თვითიზოლაციის წესები ზედმიწევნით დაიცვან, დამსაქმებლებს კი რომლებიც თვითიზოლაციაში მყოფ პირებს სამსახურში გასვლას სთხოვენ აფრთხილებს, რომ თანამშრომელთა იძულება შეწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პაატა იმნაძის თქმით, ის ასეთ კერძო კომპანიებს დაასახელებს.

დღის ამბები