30 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
დაინფიცირებული მაღალჩინოსნები და კორონავირუსის შემთხვევების უპრეცედენტო მატება - მსოფლიო COVID-19-ს ებრძვის

"ფორცა იტალია" - ამ სიტყვებითა და სიმღერით ერთმანეთს კარანტინში მყოფი იტალიელები ამხნევებენ.

კადრები, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, სამხრეთულ ქალაქ სალერნოშია გადაღებული, რომელშიც ჩანს, რომ აივნებზე შეკრებილები იტალიაში არსებული მძიმე რეალობის მიუხედავად პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას ცდილობენ. რეალობა კი მართლაც მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის გამო კიდევ 189 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა, რეკორდულია ინფიცირებულთა რაოდენობაც, რომელმაც უკვე 15 ათასს გადააჭარბა. ამ კრიზისის ფონზე იტალიაში ჩინეთის სამედიცინო ჯგუფები ჩავიდნენ, რომლებმაც სამედიცინო აღჭურვილობა, დამცავი ნიღბები და მედიკამენტები ჩაიტანეს.

იტალიის მსგავსად, რთული ვითარებაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ კორონავირუსის ეპიდემია, ბოლო საუკუნის განმავლობაში, ჯანდაცვის სფეროს ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.

ამ მოსაზრებას იზიარებს ბრიტანეთის მთავრობის მეთაური, რომელიც სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ბრიტანელებს აფრთხილებს, ახლობლების დაკარგვისთვის იყვნენ მზად.

"ეს უფრო გავრცელდება. სიმართლე უნდა გითხრათ, ბრიტანელ საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრა - მეტი ოჯახი, უფრო მეტი ოჯახი დაკარგავს საყვარელ ადამიანებს დროზე ადრე. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება რთულად გამოიყურება, გახსოვდეთ, ჩვენ ამას დავძლევთ, ეს ქვეყანა ამ ეპიდემიას გადაიტანს ისევე, როგორც ადრე მეტად რთული რამეები გადაუტანია,"-განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ვირუსს რომ არც პასპორტი აქვს და არც საზღვრები, ამაზე COVID-19 ის გავრცელების გეოგრაფიული არეალი მეტყველებს. კორონავირუსისგან დაცული არავინაა. რისკჯგუფში არიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები.

გაირკვა, რომ ბრაზილიელი მაღალჩინოსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მანამდე დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო კი სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

COVID-19 აქვს ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრსაც. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მას ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდა და ტესტის ჩატარება გადაწყვიტა. ტესტზე დადებითი პასუხის შემდეგ მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩებიან მსახიობი ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე, რომლებიც ავსტრალიაში არიან. 

პრევენციული ზომების მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში ვირუსის გამო ყველაზე ცხელი წერტილი ირანია. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 1 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

თუმცა, ამ ქვეყნებში ეპიდაფეთქების პიკმა უკვე გადაიარა და პოზიტიური სტატისტიკაა. კერძოდ, ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 უხანში და 61 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა. საგანგებოდ გახსნილი 16-ვე კლინიკა კი დაიხურა.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას ბოლო დღე-ღამეში აქ კორონავირუსისგან უფრო მეტი პაციენტი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა. თუმცა, ინფიცირებულთა ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელი - 8 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, დაღუპულია 66 ადამიანი.

დღის ამბები