30 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
კორონავირუსის საფრთხე და მსოფლიო ეკონომიკა - რა ელის საქართველოს

უოლ სტრიტს თავის ისტორიაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძიმე დღე ჰქონდა.

სამრეწველო ინდექსი, Dow Jones 7.79 %-ით დაეცა, 7%-ით გადააჭარბა NASDAQ-ის ინდექსის ვარდნამ. ინდექსების დაცემის გამო ვაჭრობა 15 წუთით შეჩერდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ინვესტორები ეპიდემიის ეკონომიკური შედეგებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა ნავთობის ფასის გარშემო ატეხილმა ომმა შეშფოთება გააძლიერა.

ინდექსების დაცემა ნავთობის ფასის დაკლებას მოჰყვა. ნავთობის ფასი დაახლოებით 30 %-ით, ბარელზე 30 დოლარამდე შემცირდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ერთი დღის განმავლობაში ნავთობი, ასე მკვეთრად, 1991 წლის სპარსეთის ომის შემდეგ არ დაცემულა. ნავთობის რეკორდული გაიაფების მიზეზი "ოპეკის" შეთანხმების ჩავარდნაა.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია 2020 წლის ბოლომდე დღიური მოპოვების 1.5 მილიონი ბარელით შემცირების ინიციატივით გამოვიდა, რაზეც რუსეთმა და ყაზახეთმა უარი თქვეს. შეუთანხმებლობას, საუდის არაბეთის მხრიდან ნავთობზე უპრეცედენტო ფასდაკლების გამოცხადება მოჰყვა. ნავთობის მომპოვებელმა ქვეყნებმა ნავთობზე ფასების რეკორდული კლების გამო ბოლო 24 საათის განმავლობაში 500 მილიონი ამერიკული დოლარით იზარალეს.

ნავთობის გაიაფებას საერთაშორისო საფონდო ინდექსების დაცემასთან ერთად, სავალუტო კურსების გაუფასურებაც მოჰყვა. მაგალითად, დაეცა რუსული რუბლის კურსი. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 30 დღით შეაჩერა უცხოური ვალუტის ყიდვა.

კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი საქართველოსაც შეეხო. პირველი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო. ზუსტი მონაცემები უცნობია, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ორი თვის განმავლობაში, მიმოსვლის შეზღუდვის და შეწყვეტის გამო ტურისტულმა ინდუსტრიამ 30 მილიონ ლარზე მეტით იზარალა.

ოფიციალური პირების განმარტებით, რა გავლენა ექნება ვირუსს ქვეყნის ეკონომიკაზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის ვირუსის გავრცელების დინამიკასა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შემცირება, რომელიც პირველი ორი თვის განმავლობაში დაფიქსირდა, კრიტიკული არ არის. სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველო, როგორც გლობალური ეკონომიკის ნაწილი, გავლენას ვერ გაექცევა, თუმცა იქვე განმარტავს, რომ მთავარია, ნეგატიური შედეგი რაც შეიძლება ნაკლები იყოს.

ექსპერტების თქმით, საქართველოს, როგორც მსოფლიო ეკონომიკის ნაწილს, გლობალურად მიმდინარე პროცესები შეეხება. კორონავირუსის არსებული ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში ექპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ყოველთვიური ზარალი დაახლოებით 120 მილიონი იქნება, თუმცა, მათივე შეფასებით ეს ეკონომიკას არ ჩამოშლის. მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, ანალიტიკოსები მძიმე შედეგებს არ გამორიცხავენ.

მიდის თუ არა მსოფლიო გრძელვადიანი ეკონომიკური ვარდნისკენ? ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რასაც საერთაშორისო მედია და ანალიტიკოსები სვამენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს გლობალური ეკონომიკის ზრდის მკვეთრი შემცირების შესახებ აფრთხილებს.

დღის ამბები