30 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ისტორიული შეთანხმება უკვე დაიდო, თუმცა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ისევ განსხვავებული ინტერპრეტაციები ისმის

ისტორიული შეთანხმებიდან მეორე დღეს ხელმოწერილ ერთ-ერთ დოკუმენტზე პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ისევ განსხვავებული ინტერპრეტაციები ისმის.

ოპოზიციური ლიდერები ამტკიცებენ, რომ ელჩების თანდასწრებით მმართველი გუნდისგან, მათივე შეფასებით, კონკრეტული პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პირობა მიიღეს.

მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის შეთანხმება შესრულებულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, თუ პოლიტიკური ნიშნით დევნა შეწყდება და დაკავებულები გათავისუფლდებიან.

რა სამართლებრივი მექანიზმებით უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები? ეს ერთ-ერთი კითხვა იყო, რითაც დღეს მედია ბუნდოვან საკითხზე მეტი სიცხადის მიღებას შეეცადა.

ოპოზიციური ლიდერები ასეთ მექანიზმებად გიორგი რურუას, ბესიკ თამლიანისა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, გიგი უგულვას საქმეზე კი შეწყალებას ასახელებენ.

მმართველი გუნდის ოპონენტები ირწმუნებიან, რომ სამართლებრივი მექანიზმები კელი დეგნანის რეზიდენციაში ყოფნის დროსაც განიხილეს.

ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ლიდერების ნაწილს ტყუილში დღევანდელი და გუშინდელი განცხადებების გამო ადანაშუალებს. ის, რაც ოპოზიციის მტკიცებით შეთანხმებულია, უმრავლესობის მხრიდან სიცრუის კვალიფიკაციას იღებს.

მმართველ გუნდში ოპონენტების საპასუხოდ ამბობენ, რომ გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტებს ეხება, არანაირი საერთო არ აქვს ოპოზიციის განცხადებების შინაარსთან. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

ხელისუფლება და ოპოზიცია კვლავ რომ ვერ თანხმდება იმ პირთა პოლიტიკურ სტატუსზე, ვინც დაპატიმრებულები არიან 20 ივნისს და მის შემდგომ განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო ეს ოპოზიციურმა ლიდერებმა დღეს ერთობლივ განცხადებაშიც ჩაწერეს. დოკუმენტი "ლეიბორისტულ პარტიაში" შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. 

დოკუმენტს, რომლის შინაარსსაც საჯაროდ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა, ოპოზიციამ, "პატრიოტთა ალიანსის" გამოკლებით და უმრავლესობამ გუშინ მოაწერეს ხელი.

ოპოზიცია შეთანხმების გაფორმების შემდეგ დღეს პირველად შეიკრიბა. მმართველი გუნდის ოპონენტები სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

პარტიები ცალ-ცალკე მაჟორიტარული ოლქების გაყოფის საკუთარ წინადადებებს შეიმუშავებენ. გადაწყდა ისიც, რომ ერთობლივ კანდიდატებზე კონსულტაციები გაგრძელდება. დღის წესრიგიდან მოიხსნა 4 აპრილის საპროტესტო აქციის გამართვაც.

ოპოზიციაში ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ახალ პოლიტიკურ რეალობასთნ ერთად კორონავირუსს ასახელებენ.

დღის ამბები