30 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებისთვის 113 ხმაა საჭირო - შეძლებს თუ არა პარლამენტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილების მიღებას

”ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოში” მზად არიან, ბოიკოტის მიუხედავად, 120/30-ზე მოდელს მხარი დაუჭირონ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებას არცერთი პირობა არ გამორჩება.

ის, რაც ოპოზიციის ერთი ნაწილის გზავნილების მთავარი ხაზია, მიუღებელი რჩება მეორე ნაწილისთვის. "პატრიოტთა ალიანსმა", შეთანხმების დანართს ხელი არ მოაწერა, რადგან ამბობენ, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ. საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას ირმა ინაშვილის გუნდის მხარდაჭერა ექნება, თუ ხელისუფლებას არც მათი მოთხოვნები დაავიწყდება, რაც არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სასჯელის გამკაცრებას გულისხმობს.

ერთადერთი ვინც ამ ეტაპზე უპირობო უარზეა, კვლავ კახა ოქრიაშვილია. ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, რომელმაც საზოგადოებას თავი პროპორციული სისტემის ჩაგდებით დაამახსოვრა, მაჟორიტარული კომპონენტის შემცირებას კვლავ არ მიესალმება და კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

იმისთვის, რომ კანონპროექტმა 113 ხმა მოიპოვოს და კონსტიტუციაში აისახოს, საჭირო იქნება დამოუკიდებელი დეპუტატების აქტიურობაც.  მათგან ნაწილი საბოლოო ფორმულირებების მოლოდინშია, თუმცა პროექტის მიმართ ცალსახა მხარდაჭერას აფიქსირებს.

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, დილიდან ხელისუფლებაში დღეს საგანგებო ბრიფინგი მოიწვიეს, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტეს თუ რა იყო აქამდე და რა იქნება ახლა. მმართველი გუნდი აქტიური საარჩევნო კამპანიისთვის ემზადება, მანამდე კი ოთხშაბათს ბიუროზე კანონპროექტს წარადგენს. ამ დოკუმენტში კი ერთადერთი რაც ღიად რჩება ბლოკების საკითხია, ოპონენტებთან ერთად მსჯელობა მათ ოლქების საკითხზეც მოუწევთ. ოცნებაში ვერ ხედავენ იმის რისკებს, რომ კანონპროექტის გატანას პარლამენტში ხელი რამემ შეუშალოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები