30 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტიდან სამს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

კორონავირუსით დაავადებულ პირებს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ აქვთ, თუმცა ინფექციურ საავადმყოფოში 14 პაციენტიდან სამს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

განსაკუთრებით მძიმეა იმ 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც "ევექსის" თანამშრომელია და  საქართველოში იტალიიდან დაბრუნდა.

ხოლო პირველ 3 პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კვირის ბოლოს განმეორებითი სინჯები ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ კლინიკიდან გაწერენ. 5 პაციენტის შემთხვევაში კი ახალი ვირუსი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს.

სტაბილურია საჩხერის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამედიცინო ცენტრის ბოქსირებულ პალატაში კიდევ ერთი პირი რჩება. მისი მონაცემები ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმების შემდეგ უარყოფითია.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება მეზღვაური, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ის ბათუმის ნავსადგურიდან კლინიკაში გადაიყვანეს , 50 წლის მამაკაცს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, რის გამოც სინჯები ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია. ამავე კლინიკიდან 3 პაციენტი თბილისის საკარანტინო ზონაში გადმოიყვანეს.

გურიის რეგიონში კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაშია 17 პირი. აქედან 13 ოზურგეთში, 3 - ჩოხატაურში, ხოლო 1 - ლანჩხუთში იმყოფება. ყველას იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა არცერთს ვირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება.

კორონავირუსის გამო საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზები დროებით იზღუდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე დღეს მიიღეს.

დასრულებულა საქართველოს იმ მოქალაქეების რეგისტრაცია, რომლებიც იტალიიდან საქართველოში დაბრუნებას პირდაპირი ფრენების შეჩერების გამო ვერ ახერხებდნენ. მათი ჩამოყვანა სამშობლოში რამდენიმე კვირაში მოხდება.

სახელმწიფო უწყებებთან ერთად მკაცრი რეკომენდაციები და მითითებები მოქალაქეებსაც მიეცათ, რომ გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა და თვითიზოლაციის წესები დაიცვან, რათა არ შეუქმნან პოტენციური საფრთხე საზოგადოებას.

დღის ამბები