30 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
უცხოეთში ვიზიტები თუ შეიზღუდება, ჩემი ვიზიტებიც შეიზღუდება - სალომე ზურაბიშვილი

 

სამეგრელოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით ექიმებს, ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს მადლობა გადაუხადა და მათ წვლილზე ისაუბრა. 

სალომე ზურაბიშვილმა ასევე გავრცელებული ვირუსის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულ შესაძლო შეზღუდვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანების და მოქალაქეების თვითშეგნება და პასუხისმგებლობა ყველაზე მთავარია.

პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ  რომ ლუგარის ცენტრი სამაგალითოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც. 

"ხაზი მინდა გავუსვა, ჯერჯერობით ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას რეგიონებში, რამეთუ ხალხმრავლობასთან არის დაკავშირებული და ვთვლი, რომ არც პანიკა არ უნდა იყოს და სიფრთხილე უნდა იყოს. უნდა მივცეთ განცდა მოსახლეობას იმისა, რომ საქმიანობა არ არის შეწყვეტილი. მაგრამ როგორც იქნება მითითებები, ისე მეც დავემორჩილები, უცხოეთში ვიზიტები თუ შეიზღუდება, ჩემი ვიზიტებიც შეიზღუდება უცხოეთში.

მინდა იმის თქმა ასევე მოსახლეობისთვის, რომ ძალიან ბევრი რეგულაცია შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან, ზოგი მკაცრი, ზოგი ნაკლებად მკაცრი, მაგრამ მაინც, საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარი არის ადამიანების და მოქალაქეების თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. თითოეული მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ოჯახზე და თავის ირგვლივ მყოფ საზოგადოებაზე.

საქართველო, ჯერჯერობით, არის ძალიან სამაგალითო ყველა მიღებული ზომებით. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შანსი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ლუგარის ცენტრი, რომელიც არის მართლა სამაგალითო არა მხოლოდ აქ, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ვიტყოდი მსოფლიოში. ვიღაცები თუ ებრძვიან ლუგარის ცენტრს, ესეც მოდის იქიდანაც, საიდანაც გვებრძვიან ჩვენ, საერთოდ.  გვახსოვს გასულ წელს, როგორ იყო გავრცელებული ჭორები ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. 

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დავაფასოთ რაც გვაქვს. ამიტომ მე ვიქნები ბოლომდე დამცველი, მაგრამ დაცვა არ სჭირდებათ, მე მინდა პირადად დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გამყრელიძეს, ბატონ იმნაძეს და ყველა იმ თანაშრომლებს, რომლებიც იქ მუშაობენ და ყველა ასევე იმ საექიმო პერსონალს, რომელიც, დღე და ღამე მუშაობს იმისათვის, რომ დაძლეულ იქნეს მსოფლიო ჭირი," - განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.

დღის ამბები