30 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილმა ქალთა ძალადობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისაგან ანგარიში მოისმინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე შესაბამისმა უწყებებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინეს და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი თანამშრომლობისა და საკითხში ჩართულობის მზაობა გამოხატა, რათა ერთობლივი ძალისხმევით გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციისათვის.

ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ლელა აქიაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევა ისეთ პრობლემასთან საბრძოლველად, როგორიც ოჯახში ძალადობაა.

"მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ ის გზავნილი, რომ ძალადობა მიუღებელია. ამიტომ დიდი იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას," - განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკიმ შეხვედრის გამართვის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას დროული და მნიშვნელოვანი უწოდა.

"ეს ძალიან დროული ინიციატივაა და მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა თავად გამოთქვა მომავალი თანამშრომლობის სურვილი, ანუ ეს არ არის ერთჯერადი შეხვედრა. კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების გეგმები იმედს გვაძლევს, რომ ეს საკითხი მაღალ დონეზე აიწევს და უფრო მეტი შედეგი დადგება," - აღნიშნა ელენე რუსეცკიმ.

დღის ამბები