30 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
10 წლიანი დავა დასრულებულია - სასამართლომ ფიროსმანის "სააღდგომო ბატკანი" მესაკუთრეს დაუბრუნა

10 წლიანი დავა დასრულებულია, ფიროსმანის "ბატკანი", რომელიც საცავიდან სპეციალურად "კურიერისთვის" გამოიტანეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით კერძო მფლობელს უნდა დაუბრუნდეს.

ნამუშევარი კერძო კოლექციიდან ხელოვნების მუზეუმის საცავში 2011 წელს მოხვდა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის კერძო მფლობელს და ცნობილ კოლექციონერ დამიანე ალანიას სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვეს. პროკურატურამ მაშინ დაამტკიცა, რომ ალანიამ ტილო 2009 წელს დანაშაულებრივი გზით მოიპოვა და შემდეგ მის გაყიდვას უკანონოდ ცდილობდა.

ფიროსმანი ოჯახს ჩამოართვეს. ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე კი ორ ნაწილად გაიყო - ერთი კოლექციონერის, მეორე კი იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც გამოძიების მაშინდელი ვერსიის თანახმად, ალანიას უკანონო საქმიანობაში დაეხმარა.

ადვოკატი იხსენებს, რომ საქმე მაშინ ერთ ჩვენებაზე ააგეს. ჩვენება კი, მისი ინფორმაციით, მოწმეს ზეწოლის ქვეშ ჩამოართვეს. ამ ჩვენებაში მოწმე დანაშაულს აღიარებდა, ალანიას ხელს ადებდა და ამბობდა, რომ მისი მოთხოვნით, მან საბუთები გააყალბა. გაყალბებული დოკუმენტაციის მიხედვით კი კერძო კოლექციონერმა ტილო არა 2001, არამედ 2009 წელს შეიძინა.

შეძენის თარიღი  თავიდან ბოლომდე ცვლიდა საქმის შინაარსს. ადვოკატი ასევე იხსენებს, რომ სახელმწიფო კომისიამ მაშინ დასკვნაც შეცვალა და ერთმა და იმავე ექსპერტებმა სხვადასხვა დროს ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები დადეს. უფლებადამცველის ინფორმაციით, მიზანი, სავარაუდოდ, ნამუშევრის სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენა იყო, რომ ტილო ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გაეტანათ. 

ადვოკატმა 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება ხელახლა გაასაჩივრა. საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა, მთავარი მტკიცებულება კი ის ვიდეოჩანაწერი აღმოჩნდა, რომელიც ტელევიზიის არქივიდან ამოიღეს. კადრები 2001 წლის 13 ივლისს გალერეა ვერნისაჟშია გადაღებული. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბატკანი ალანიას კოლექციიდან, ექსპოზიციას თავად მფლობელიც ესწრება. ზუსტად ამ დღეს ჩაწერილ ალანიას ინტერვიუს და კადრებს "კურიერის" არქივიც ინახავს.

პროკურატურაში დღეს აცხადებენ, რომ იყო სხვა გარემოებებიც, რომელთა გათვალისწინებითაც, სასამართლომ ნახატი კერძო მფლობელს მიაკუთვნა.

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და კერძო კოლექციონერი დამიანე ალანია დღეს გარდაცვლილია. ტილო მის მემკვიდრეს გადაეცემა. შვილი, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება, "კურიერს" უყვება, რომ მამამ ფიროსმანის 2 ტილო "მელა" და "სააღდგომო ბატკანი" 35 000 დოლარად 2001 წელს ქაშვეთთან მდებარე ანტიკვარულ სალონში შეიძინა. ერთი გაყიდა, მეორე კი მათ ოჯახში ინახებოდა. მოგვიანებით, კულტურის სამინისტროს დოკუმენტაციისთვის მიმართა, რის მერეც მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო და ნახატი ჩამოართვეს.

ნამუშევრის ისტორია 2001 წლამდე ბუნდოვანია. საიდან აღმოჩნდა ბატკანი ანტიკვარიატის სალონში. ნამუშევრის წარმომავლობაზე ვერ საუბრობს ვერც გოგი ხოშტარია. ხელოვნებათმცოდნე მაშინ იმ სახელმწიფო კომისიის წევრი არ იყო, რომელმაც დასკვნა დაწერა, თუმცა ექსპერტს ნამუშევრის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება.

ფიროსმანის" ბატკანი" ჯერჯერობით, ისევ ხელოვნების მუზეუმშია. სასამართლოზე მოპასუხე მხარე სახელმწიფოა. თუ მუზეუმმა ან კულტურის სამინისტრომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, მაშინ ტილო, რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიონად არის შეფასებული, კერძო მესაკუთრეს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაუბრუნდება.

დღის ამბები