30 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
კორონავირუსის 4 დადასტურებული შემთხვევა - როგორ ებრძვის საქართველო COVID-19-ს

კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა საქართველოში ხუთდღიანი პაუზის შემდეგ გამოვლინდა. მიზეზი, წინა სამის მსგავსად, ამჯერადაც პაციენტის სამოგზაურო ისტორიაა. საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში იტალიიდან კვირას დაბრუნდა, ამ ხნის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, კლინიკას კი გუშინ მიმართა. იდენტიფიცირებულია ის 25 ადამიანიც, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა. 44 წლის მამაკაცი თავადაც ექიმია და საზღვარგარეთ მუშაობს. კორონავირუსის მქონე მეოთხე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის რთულია, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

მედიკოსთა ინფორმაციით, დანარჩენი 3 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 162 ადამიანი. შემთხვევების მატებასთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მკაცრდება პრევენციული ღონიძიებები და რეკომენდაციები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ თავი შეიკაონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, რომლებიც რისკ-ზონაში შედიან და დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. ამირან გამყრელიძემ დღეს მოგზაურობიდან დაბრუნებული მოქალაქეების თვითიზოლაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, მედიის წარმომადგენლებისთვის კი სპეციალური რეკომენდაციებიც გაიცა.

კორონავირუსი არ აღმოაჩნდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ მამაკაცს, რომელმაც კლინიკას მაღალი ტემპერატურით გუშინ თავად მიმართა. 30 წლის მამაკაცი ქვეყანაში 25 თებერვალს ჩამოფრინდა. ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება ხუთი პაციენტი, რომელთაც COVID-19 არ დაუდასტურდათ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში ამჟამად 24 პირი რჩება. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, გუშინ დღის განმავლობაში ტემპერატურის მატება 4 მათგანს აღენიშნებოდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიის ქალაქ ბარიდან დღეს მორიგი რეისი დაეშვა. ქვეყანაში დაბრუნებულები ამბობენ, რომ იტალიაში შემოწმება არ გაუვლიათ. ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის აეროპორტში ტემპერატურა გაუზომეს და მათი მონაცემები ჩაიწერეს. ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტემპერატურა არც ერთ მგზავრს არ დაუფიქსირდა, შესაბამისად, კლინიკაში მათი გადაყვანა საჭირო არ გახდა.

უკვე საკარანტინო ზონაში არიან ირან-აზერბაიჯანის ჩაკეტილ საზღვარზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე დღეს გადმოიყვანეს. მათ საქართველოს საზღვარზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ.

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და ქვეყანაში გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე ჯანდაცვის მინისტრი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსაც ესაუბრა.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გავრცელდა, ლუგარის ლაბორატორიაში ტესტი ჩაუტარდა 252 საეჭვო პირს, ვირუსი 4 მათგანს დაუდასტურდა, ინფექციურ კლინიკაში კი 31 ადამიანი რჩება.

დღის ამბები