30 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
ბრალდებული პოლიტიკოსების "მწვანე შუქი" ციხიდან - რას წერენ გიგი უგულავა და გიორგი რურუა გაერთიანებულ ოპოზიციას

გიგი უგულავა, რომლის დაკავებაც საარჩევნო მოლაპარაკებების შეწყვეტის მიზეზი გახდა, თანაგუნდელებს და გაერთიანებულ ოპოზიციას საპატიმროდან მიმართავს. "ევროპული საქართველოს" ლიდერს არ სურს, მისი გათავისუფლების საკითხი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში ბარიერი გახდეს.

"ჩემი პატიმრობა ჩემი შეგნებული არჩევანია და საერთო ბრძოლის ნაწილია. ისევე, როგორც მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღებაა ამ ბრძოლის მშვიდობიანი გადაწყვეტა. 2020-ში არჩევნების მაქსიმალურად პროპორციული სისტემით ჩატარება მხოლოდ გააიოლებს ქვეყნის ამოცანას - ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას. ამასთანავე ოპოზიციის დღევანდელი ერთობაა ამ ამოცანის აღსრულების მთავარი წინაპირობა. ეს ერთობაა და არა რომელიმე სისტემა, რაც ყველაზე მეტად აშინებს ივანიშვილს," - ამ შინაარსის წერილი გამოუგზავნა გიგი უგულავამ თანაგუნდელებს. 

წერილი გამოაქვეყნა გიორგი რურუამაც, რომელიც, უგულავას მსგავსად, ოპოზიციისთვის პოლიტიკური პატიმარია. პათოსი იგივეა - მათი დაკავება არ გახდეს ხელის შემშლელი ფაქტორი პროპორციულის მიახლოებული სისტემის შემოღებისთვის. განცხადებებს შეუერთდა 20 ივნისის აქციისას დაკავებული ბესიკ თამლიანიც, რომელიც ასევე ოპოზიციისთვის პოლიტპატიმართა სიაშია.

"როგორც მოქალაქეს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი. სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ოპოზიციური პარტიებიდან. სასწორზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ დევს, ვიდრე ჩემი უკანონო პატიმრობა" - აღნიშნავს წერილში გიორგი რურუა.

ციხიდან გზავნილების შემდეგ უგულავას თანაგუნდელები და ოპოზიციის სხვა წევრები მოლაპარაკების პერსპექტივაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება მათთვის სასურველ მოდელს წარადგენს.

"ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სისტემაზე შეთანხმების კარი არ არის დახურული და თუ ხელისუფლება გამოვა რეალისტური და ნორმალური მოდელით და არა ისეთით, როგორიც დღეს, თუ შემოვა პროპორციული არსის მქონე კომპრომისული კანონპროექტით, შეთანხმება შესაძლებელია," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე კი განცხადებას ვაჟკაცურს უწოდებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, მაინც არ მისცემს ოპოზიცია ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ ისინი პოლიტიკურ მძევლებად დაიტოვონ. 

პატიმართა წერილების მიუხედავად, პოლიტიკური პარტიები მთავარ მოთხოვნას, რაც მათი თქმით, პოლიტპატიმართა გათავისუფლებას გულისხმობს, დღის წესრიგიდან არ ხსნიან.

საპატიმროდან გავრცელებული წერილების ერთიან გზავნილში მმართველმა გუნდმა ოპოზიციის ხელწერა ამოიკითხა. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ოპონენტებმა დაინახეს, რომ დიალოგის ჩაშლა მათთვისაც დამაზიანებელი იქნებოდა.

"პოლიტიკურია ეს განცხადება თავისი შინაარსით, რომ ასეთი ვაჟკაცი ხალხი ჰყავს ოპოზიციას. არასერიოზულია ამ თემის გაყიდვა, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ," - აცხადებს გია ვოლსკი. 

უმრავლესობა საკუთარი შეთავაზებას, უკვე ფურცელზე გადატანილს, ოპოზიციას და პარლამენტს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გააცნობს და შესაძლოა, პარლამენტშიც დააინიციროს.

დღის ამბები