ბექა გოჩიაშვილი და ტეხასელი მუსიკოსები კიდევ ერთი დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული კონცერტისთვის ემზადებიან. 4 კაციანი ბენდი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ტიტულოვანი და საკუთარი ხელწერის მქონე მუსიკოსებისაგან შედგება.
ბექა და ჯაზის ვირტუოზები ხვალ მულტიფუნქციურ სივრცეში "რესპუბლიკა" ნამდვილ დღესასწაულს მოაწყობენ. ისევე როგორც ბექა გოჩიაშვილის ყველა მუსიკალური წარმოდგენა, ესეც იმპროვიზებული იქნება. მისი თქმით, ერთადერთი, რაც დანამდვილებით იცის, დაუკრავს კონცერტის პირველ ნაწილში, მხოლოდ საკუთარ მუსიკას.
დრამერ მაიკ მიტჩელის შესრულება თავისუფალი ჯაზის, ჰიპ-ჰოპისა და ბიბოპის სინთეზს წარმოადგენს. ის მაქს გერლისთან, ფრენკ მოკასთან და ქეისი ბენჟამინთან ერთად ნამდვილ მოგზაურობას მოაწყობს ჯაზის სამყაროში.
"ბექა ნამდვილი გენიოსია, ყოველთვის სასიამოვნოა და მოულოდნელობებით სავსეა მასთან ურთიერთობა. ჩვენ დავუკრავთ იმ მუსიკას, რასაც ის შემოგვთავაზებს. ვერასდროს წინასწარ ვერ გათვლი, შეიძლება თავდაყირა დააყენოს მთელი პროგრამა," - აცხადებს მუსიკოსი მაქს გერლი.
მუსიკოს მაიკ მიტჩელის თქმით, მათი ყოველი გამოსვლა განსხვავებული და განუმეორებელია, რადგან კლავიშთან ბექაა:
"ხვალ სასწაული კონცერტი იქნება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არაერთ ცნობილ სივრცეში დაგვიკრავს ამ შემადგენლობით და ყოველთვის განსხვავებული და განუმეორებელია. იმიტომ, რომ კლავიშთან ბექაა, ბიძგს გვაძლევს, რომ ჩვენც მისი მუსიკის მიხედვით ვიმოქმედოთ,"- ამბობს მაიკ მიტჩელი.
ავტორი: სალომე თარხნიშვილი