30 ნოემბერი 2024,   03:40
ვრცლად
მოვუწოდებთ თავი აარიდონ არასაჭირო ემოციებს - ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საგარეო უწყება ეხმაურება

ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც  აღნიშნულია, რომ რუსეთი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს მოუწოდებს თავი აარიდონ არასაჭირო ემოციებს:

"ყურადღებით ვაკვირდებით აფხაზეთში შიდა პოლიტიკურ სიტუაციას, მათ შორის 22 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს თავი აარიდონ არასაჭირო ემოციებს და იმოქმედონ კანონიერების ფარგლებში, დემოკრატიული პროცედურების დაცვით. რუსეთი დაინტერესებულია სტაბილურობით და უსაფრთხოებით მეგობარ აფხაზეთში და ერთგული რჩება მრავალმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისა და აგრძელებს რესპუბლიკისთვის ფართომასშტაბიანი დახმარების გაწევას. 

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ასლან ბჟანიას განმეორებითი ავადმყოფობასთან დაკავშირებით, გაცნობებთ რომ კრასნოდარში, სადაც ექსტრემალურად იქნა გადაყვანილი ასლან ბჟანია, რუსი ექიმები მას ყველა აუცილებელ დახმარებას უწევენ. ვუსურვებთ ასლან გიორგის ძეს მალე გამოჯანმრთელებას. ასლან ბჟანიას დაავადების გამომწვევი მიზეზების შესახებ ოფიციალური ცნობები მიწოდებულია აფხაზი პარტნიორებისთვის," - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია რამდენიმე დღის წინ მძიმე მდგომარეობაში მყოფი კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის როგორც რამდენიმე თვის წინ, ახლაც მოწამლეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბჟანიას მოწამვლის ნიშნები, ორივეჯერ რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნების შემდეგ გაუჩნდა.

ბჟანიას მომხრეები მომხდარი ფაქტის გამო ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და ე.წ. ძალოვანი მინისტრების გადადგომა ითხოვდნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა რუსეთის ე.წ. ელჩს შეხვდა და განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებისთვის გადასაცემი მოთხოვნები წაუყენა,  საოკუპაციო რეჟიმი ითხოვდა, რომ აფხაზეთის ე,წ პროკურატურას გადასცემოდა ის მასალები, რაზე დაყრდნობითაც რუსული მედია აცხადებდა, რომ ბჟანია მოწამლული იყო, ასევე რუსეთის გენერალური პროკურატურისგან ითხოვდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ასლან ბჟანიას სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე სასწრაფო გამოძიება დაეწყო.

დღის ამბები