30 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
გია არაბიძემ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა დატოვა  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გია არაბიძემ, თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს. 

თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გია არაბიძემ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე დღეს გააკეთა. ფაკულტეტის საბჭოს სხდომას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"რკინასაც და ბეტონსაც თავისი დაღლილობის, სიმტკიცისა და გამძლეობის კოეფიციენტი აქვს. ვიგრძენი, რომ ეს დაღლილობა შენიღბულად შემოვიდა ჩემში, ვიგრძენი, რომ უკვე დრო იყო, წავსულიყავი. ოპერატიული საქმიანობისთვის არ მყოფნის ენერგია. მაგრამ გეთანხმებით, სრული ენერგია მაქვს კონსულტაციებისთვის, რჩევებისთვის, მაგრამ ის ენერგია, რაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი მსხვილი ფაკულტეტის ხელმძღვანელობას სჭირდება, აღარ მაქვს. ბევრმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ დღეში 18 საათს ფაკულტეტზე ვატარებდი - ამას მოითხოვდა ის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ამიტომ, სამჯერ მივმართე რექტორატს - ორჯერ ჩემი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. მადლობას ვუხდი ჩემს უნივერსიტეტს, რექტორს, ფაკულტეტს, ჩემს კოლეგებს მრავალწლიანი ურთიერთობისთვის, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, რომლებიც დღეს ენერგეტიკის დარგს ერთგულად ემსახურებიან," - აღნიშნა  გია არაბიძემ.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფესორი გია არაბიძე ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას 2005 წლიდან იკავებდა. დღეიდან, გია არაბიძე სტუ-ში საქმიანობას პროფესორის რანგში გააგრძელებს.

დღის ამბები