30 ნოემბერი 2024,   03:35
ვრცლად
რა ინფორმაციას გზავნის "იანდექს ტაქსი" რუსულ სპეცსამსახურებთან - მოსკოვს მონაცემების ბაზაზე თავისუფალი წვდომა აქვს

კომპანია "იანდექს ტაქსი," რომელიც ქართულ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს, რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ოფიციალურად ადასტურებს.

ამის შესახებ ინფორმაცია "იანდექსის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა რუსულ მედიაში დაადასტურა. ნატალი როჟკოვას განმარტებით, სამართალდამცავებს მომხმარებელთა ბაზებზე უპრობლემო წვდომა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ რეესტრში კომპანია ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების მქონეთა სიაში არაა.

რა სახის პერსონალური მონაცემები ხდება ხელმისაწვდომი კომპანიისთვის "იანდექსით" მგზავრობის შემდეგ, არ იციან ტაქსის მძღოლებმა. დასაქმებულთა უმრავლესობას კამერის წინ საუბარი არ სურს. თითქმის ყველა მათგანი ადასტურებს, რომ გადაადგილების მარშრუტი თანამგზავრით კონტროლდება.

რა სახის მონაცემები აკუმულირდება თანამგზავრის დახმარებით და რა დაცვის გარანტია აქვს მომხმარებელს რუსული სპეცსამსახურების პოტენციური კონტროლისგან - ამ შეკითხვებზე პასუხი "იანდექს-საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ვერ მივიღეთ. "იანდექსის" ერთ-ერთ ფილიალში კი "კურიერს" დაუდასტურეს, რომ მოსკოვის ოფისს მგზავრთა გადაადგილებისა და მონაცემების ბაზაზე თავისუფალი წვდომა აქვს. მიუხედავად ამისა, კომპანიაში მომხმარებლების მონაცემებს დაცულად მიიჩნევენ.

ოკუპაციის პირობებში რუსული კომპანიების აპლიკაციები რომ ნებისმიერი მოქალაქის პერსონალური მონაცემისთვის საფრთხეა, ამაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში მომუშავე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ. ექსპერტების თქმით, "იანდექსს," კასპერსკის და საქართველოში პოპულარულ ბევრ პროდუქტს რუსულ "ფსბ"-სთან პირდაპირი კავშირი აქვთ. სპეციალისტების აზრით, მოსალოდნელი საფრთხეებისგან თავის ასარიდებლად მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ კიბერთავდაცვითი მექანიზმები გააძლიეროს.

"იანდექსი" ქართულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და დღეს ის ავტომობილით მომსახურების სფეროში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. კომპანიას საქართველოს ათიათასობით მოქალაქის პირად მონაცემზე აქვს წვდომა. რა მექანიზმით და როგორ ხვდება რუსულ სპეცსამსახურებთან იანდექსის გადაგზავნილი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო, რომლის დაზუსტების შემდეგაც,  უწყება კომპეტენციის შესაბამისად იმოქმედებს.

დღის ამბები