30 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
კინზინგერის მორიგი გზავნილი - ამერიკელი კონგრესმენი მმართველ გუნდს და ოპოზიციას კომპრომისისკენ მოუწოდებს

დიდი მიზნებისთვის დათმობებზე წასვლას დაპირისპირებულ მხარეებს ის კონგრესმენი მოუწოდებს, რომელმაც თბილისში პირველი კრიტიკული წერილი გამოგზავნა.

ადამ კინზინგერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას რამდენიმე აქცენტს აკეთებს. მთავარი თემა ისევ საქართველოში მოახლოებული არჩევნებია. ამერიკელი კონგრესმენი მმართველ გუნდსაც და ოპოზიციასაც  კოპმრომისისკენ მოუწოდებს.

კინზინგერი ოპონენტების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე დასმულ შეკითხვაზეც პასუხობს და მმართველ გუნდს სასამართლოს სამართლისთვის გამოყენებას ურჩევს. ამერიკელი კონგრესმენი საუბრობს იმაზეც თუ რა მოხდება პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესის მიუღწევლობის შემთხვევაში.

ერთია ის, რაც თქვა კინზინგერმა, მეორე კი ის, თუ ვინ რა გაიგო თბილისში. პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა და მისი დაძლევის პასუხისმგებლობა ოპოზიციისთვის მმართველ გუნდს აკისრია, სწორედ ამიტომ თვლიან, რომ ამ შემთხვევაში კონგრესმენი ქმედით ნაბიჯებს სწორედ "ოცნებისგან" ელოდება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამერიკელი პარტნიორები კარგად არიან ჩახედული მოვლენათა განვითარებაში და ხელისუფლების მიმართ კრიტიკას ინარჩუნებენ.

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ კინზინგერის ინტერვიუ პირად მხარდაჭერად თარგმნა.  გზავნილებში ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებისა და კონგრესმენის პოზიციები საერთო ხაზს ატარებს, რაც დიალოგისკენ მოწოდებას ითვალისწინებს. არჩილ თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ თბილისში მოპატიჟებული კინზინგერი და სხვა კონგრესმენები მალე ეწვევიან დედაქალაქს, რომ რეალობა თავიანთი თვალით ნახონ.

პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილებმა ოპოზიციის ნაწილი გააღიზიანა. ნაწილმა კონგრესმენის გზავნილების მიღმა სამომავლოდ არც ქვეყნის სანქცირება გამორიცხა.

მმართველ გუნდში პოლიტიკური კრიზისის დაძლევისთვის მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებენ და ხაზს უსვამენ, რომ პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით, ოპოზიციას უნიკალური პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ პოლიტიკური ვითარება განიმუხტოს.

მამუკა მდინარაძე თვლის, რომ თუ ოპოზიცია არაკონსტრუქციულად მოიქცევა, ეს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების პირობა ვერ გახდება.

ადამ კინზინგერი ერთ-ერთი იყო, ვინც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით შეშფოთებულმა გიორგი გახარიას წერილი მისწერა. წერილების რიცხვის ზრდამ "ოცნებას" ვაშინგტონში ჩასვლისკენ უბიძგა, სადაც ადამ კინზინგერსა და მის კოლეგებს მმართველმა გუნდმა ვითარების მათეული ხედვა გააცნო და თბილისში მოიპატიჟა. 

 

დღის ამბები