30 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
ჩინეთი ირანიდან მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს - იტალიის საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცი გაიქცა

უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. როგორც გაირკვა, ინფიცირებული კაცია, რომელიც მანამდე იტალიაში იმყოფებოდა. ახალი ვირუსი არ დაუდგინდა ინფიცირებულის მეუღლეს. კორონავირუსის შემთხვევა ჩერნოვცის ოლქში დაფიქსირდა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "კოვიდ 19"-ზე ტესტი უკრაინის 4 მოქალაქეს ჩაუტარდა. თუმცა მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

"დადგენილია ყველა იმ ადამიანის ვინაობა, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა. თუმცა, საკონტაქტო პირები ცოტაა. ადგილობრივი ეპიდემიოლოგები შესაბამისად მოქმედებენ. ამ ეტაპზე სისტემამ აჩვენა, რომ მზად ვართ გამოწვევისთვის," - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ ლიაშკომ.

ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება ირანში, სადაც ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი - 77 დაღუპულია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 2 336-მდე გაიზარდა. მათ შორისაა 23 ირანელი დეპუტატი. ინფიცირებულები არიან ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც. კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა.

"ბოლო ინფორმაციით, 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 24 საათში დაღუპულია კიდევ 12 ადამიანი. თუმცა გვყავს 300-მდე გამოჯანმრთელებული პაციენტიც," - აღნიშნა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალირეზა რაისიმ.

ირანიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს ჩინეთი - ქვეყანა, რომელიც "კოვიდ-19"-ის ეპიცენტრია. პირველი ჩარტერული რეისი დღეს გვიან ღამით შესრულდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში კარანტინში მოათავსებენ ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან ჩასულ პირებს. ოფიციალური პეკინის ცნობით, ჩინეთში შემცირდა ინფიცირების დინამიკა და სწორედ ამიტომ უხანში პაციენტებისთვის სპეციალურად გახსნილი ერთ-ერთი საავადმყოფო დახურეს. თუმცა, ფატალური შემთხვევები ისევ ფიქსირდება. ვირუსმა კიდევ ერთი უხანელი ექიმი შეიწირა.

რთული ვითარებაა სამხრეთ კორეაში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა. დაღუპულია 29 ადამიანი. ეპიდაფექტების გამო სამხრეთ კორეაში სწავლა კიდევ ორი კვირით გადაიდო. ქვეყნის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ახალ კორონავირუსს ომი გამოუცხადა და ამისთვის 25 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. მანვე ქვეყანაში სამედიცინო ნიღბების დეფიციტის გამო ბოდიში მოიხადა. ბოდიში მოიხადა იმ ქრისტიანული სექტის ლიდერმაც, საიდანაც სამხრეთ კორეაში ვირუსი გავრცელდა.

"დეგუსა და ჩრდილოეთ გიიონგანგში კრიზისი პიკს აღწევს, მთელი ქვეყანა კორონავირუსთან ომის ფაზაშია შესული. ამ დილით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა," - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინიმ. 

გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. ვაშინგტონის შტატში ვირუსს კიდევ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც მიიჩნევს, რომ შტატებს კორონავირუსის ეპიდაფეთქება არ ემუქრება.

"კოვიდ 19-ის" რამდენიმე ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გარდა ამისა, გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობაც. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას," - განაცხადა აშშ-ს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმა ეტორე პალაზომ.

"მიუხედავად დღევანდელი სამწუხარო ინფორმაციისა, ამერიკელი ხალხისთვის კორონავირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს. მთავრობა აქტიურად მუშაობს და როგორც პრეზიდენტმა თქვა, შემზადებულები ვართ," - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.

"კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნაში პროგრესია" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც თეთრ სახლში წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სანამ ვაქცინა შეიქმნება, ირკვევა, რომ "კოვიდ 19" არ დაუდგინდა რომის პაპს. იტალიური მედია წერს, რომ კათოლიკური ეკლესიის სულიერმა ლიდერმა კორონავირუსით ინფიცირებაზე შემოწმება მას შემდეგ გაიარა, რაც გაციების სიმპტომები გამოავლინა.

იტალიის ბერგამოს პროვინციის ქალაქ კომოს საავადმყოფოდან კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცი გაიქცა. იტალიური მედიის ცნობით, მას ამ დრომდე ეძებენ. თვითიზოლაციაში იმყოფება ტაქსის მძღოლი, რომელმაც პაციენტი სახლამდე მიიყვანა.

91 000 ინფიცირებული და 3 119 დაღუპული - ასეთია ბოლო სტატისტიკა კორონავირუსისა,  რომელსაც უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში ებრძვიან. ვირუსი ჩინეთიდან გავრცელდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეპიდაფეთქების გამო რამდენიმე ქალაქში კარანტინი გამოცხადდა, შეიზღუდა და შეჩერდა სამრეწველო ქარხნები, ჩინეთში ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ნასას მიერ გავრცელებულ ფოტოებშიც ჩანს.

დღის ამბები