30 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა "იანდექს ტაქსის" აპლიკაციის გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ - ექსპერტები

აწვდის თუ არა "იანდექს ტაქსი" რუსულ სპეცსამსახურებს ქართველი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას - სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ასეთ ინფორმაციაზე რუსულ მხარეს წვდომა ისედაც აქვს. კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა გაცილებით დიდია, რადგან ინფორმაციის გადინება სხვადასხვა გზებით წლებია მიმდინარეობს.

"ეს კომპანიები სისტემატურად თანამშრომლობენ, აწვდიან მონაცემთა ბაზას, FSB-ს გააჩნია სისტემა, რომელშიც ძალიან ბევრი კომპანიაა ჩართული, მათ შორის ისეთი კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. აქ გროვდება უამრავი ინფორმაცია თქვენს გადაადგილებაზე, პერსონალური ინფორმაცია, ასევე, გროვდება ინფორმაცია თქვენს საბანკო საშუალებებზე. სპეცსამსახურების როლი, ამ შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია იდეოლოგიურ ნაწილში, რომ მოსახლეობასთან დაამყარონ სწორი კომუნიკაცია და მათთვის მიანიშნონ რა არის სწორი და რა არ არის სწორი,"- განაცხადა ”უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია - CASE"-ის  დამფუძნებელმა ლაშა პატარაიამ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების მიზნით, მთავრობამ ძალოვან უწყებებში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ შესაბამისი რეკომენდაციები უნდა გაავრცელოს. 

"საქართველო, რომელიც რუსეთის ოკუპაციიდან გამომდინარე ეროვნული უსაფრთხოების კუთხით დიდი გამოწვევების წინაშეა, ვფიქრობ, რომ მეტი სიფრთხილეა გამოსაჩენი იმ უწყების თანამშრომლების მიერ, რომლებიც მუშაობენ ე.წ. ძალოვან უწყებებში. ამასთან ერთად, ვფიქრობ, რომ საჭიროა მთავრობამ კონკრეტული რეკომენდაციებიც გასცეს იმ საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოების სექტორში არიან,"- განაცხადა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იანდექს ტაქსი" მომხმარებელთა მონაცემებს რუსეთის საგამოძიებო უწყებებს აწვდის. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.

დღის ამბები