30 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
როგორი იქნება ახალი საარჩევნო სისტემა - ახალი კანონპროექტის ინიცირებისთვის მომდევნო 1 კვირა რჩება

საარჩევნო სისტემის შესახებ ხელისუფლების მხრიდან ოპონენტებისთვის შეთავაზებული იდეები ოპოზიციისთვის მიუღებელია, თუმცა არც ერთი და არც მეორე მხარე არ ჩქარობს, დეტალებში საზოგადოება ჩაახედოს. არგუმენტი დიპლომატიურ კორპუსთან დადებული გაუთქმელობის პირობაა, ამ ვითარებამ კი, კითხვები გააორმაგა. ოპოზიცია "ოცნებას" ახალი შეთავაზების გახმაურებას სთხოვს.

მაგიდაზე არაფორმალურად გაკეთებული შეთავაზება დღეს ოპოზიციის იმ ნაწილს გააცნეს, რომლებიც ელჩებთან ვახშმებს არ ესწრებიან, თუმცა გაერთიანებულ ოპოზიციას დღეს იმაზე მსჯელობაც მოუხდა, დათმობენ თუ არა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, მათთვის მისაღები მოდელის სანაცვლოდ. 

მმართველი გუნდი იმ შეთავაზებას, რომლის შეფასების საშუალებას ამომრჩეველი ამ ეტაპზე მოკლებულია, უნაკლოდ აფასებს. ოპოზიციის ნაწილს კითხვები აქვს იმაზე, თუ როგორ სახეს მიიღებს ჯერჯერობით ზეპირად გაჟღერებული პირობა, უკვე ფურცელზე. განსაკუთრებით კი 40 %-იანი ბარიერის ნაწილში.

ხელისუფლებას აინტერესებს, რა ლოგიკით სთავაზობს ოპოზიცია მმართველ გუნდს 20 მაჟორიტარულ ოლქს ისე, რომ ოლქების ხელოვნური და უხეში დაყოფა თავიდან იქნას არიდებული. სწორედ ამიტომ, "ოცნებაში" დღეს ოპოზიციის შეთავაზებები უპასუხისმგებლოდ შეაფასეს და ოპონენტებს მოუწოდეს, მოლაპარაკების ჩასაშლელი საბაბების ძიება შეწყვიტონ.

ვიდრე მხარეთა პოზიციები პოლარიზებული რჩება, დრო იწურება. ახალი კანონპროექტის ინიცირებისთვის მომდევნო 1 კვირაა დარჩენილი. 

დღის ამბები