30 ნოემბერი 2024,   03:52
ვრცლად
თბილისში აზარტული თამაშების გარე რეკლამები ჩამოხსნეს - სათამაშო ბიზნესმა გადაწყვეტილება საზოგადოების წნეხის შემდეგ მიიღო

თბილისში, სადაც რამდენიმე დღის წინ, აზარტული თამაშების რეკლამა იყო განთავსებული დღეს ცარიელია. 

სოციალური პასუხისმგებლობა - ასე ხსნიან გემბლინგ კომპანიები ამ გადაწყვეტილებას, თუმცა როდემდე გაგრძელდება საერთო შეთანხმება, ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სლოტ-კლუბების და კაზინოების რეკლამირების აკრძალვაზე არაერთი სოციალური კამპანია ჩატარდა.

სათამაშო ბიზნესის ბაზარზე ამ დროისთვის 20-მდე ბრენდი მუშაობს. კომპანიები მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, რეკლამისთვის ძირითადად შენობა-ნაგებობებს, სარეკლამო სივრცეებს და სატრანსპორტო საშუალებებს იყენებენ. დღეის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სარეკლამო ბანერი საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა.

რეკლამების შეზღუდვა კარგია, თუმცა გამოსავალს ამაში ვერ ხედავს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული 35 წლის მამაკაცი. საჯაროდ გამოჩენა არ სურს, მაგრამ ამბობს, რომ უკვე წლებია ლუდომანიას ებრძვის. 

საზოგადოების აქტიურობა და კონტროლი - "აზარტული თამაშების წინააღმდეგ დედები" ფიქრობენ, რომ სწორედ ამ ორი ხერხით არის შესაძლებელი საბოლოო შედეგის მიღწევა და ლუდომანიით შეპყრობილი ახალგაზრდების გადარჩენა.

საკანონმდებლო დონეზე საკითხის დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც აზარტული თამაშების წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებაზე, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია. მარტიდან პარლამენტში კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა იწყება.

არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ გარე რეკლამის აკრძალვა, მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა, რომელიც საზოგადოებრივმა პროტესტმა და წნეხმა განაპირობა. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ აზარტული თამაშების საკითხი კანონმა უნდა დაარეგულიროს.

აზარტული თამაშების წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას განაგრძობენ სამოქალაქო აქტივისტები. "საჩუქარი დედებს" - ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

დღის ამბები