30 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
120 პირი საკარანტინო ზონაში და 35 სამედიცინო დაწესებულებაში - როგორ ებრძვის ქვეყანა კორონავირუსის გავრცელებას

120 პირი საკარანტინო ზონაში და 35 სამედიცინო დაწესებულებაში - ასეთია კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ბოლო მონაცემები. ამ დრომდე 171 შესაძლო შემთხვევიდან ახალი ვირუსი მხოლოდ 3 ადამიანს დაუდგინდა. 14 ახალ ნიმუშს ლუგარის ლაბორატორია სწავლობს.

სპეციალისტების რეკომენდაციები ისევ უცვლელია და მოქალაქეებს უცხოეთში, განსაკუთრებით კი რისკის ჯგუფში შემავალ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

სამი პაციენტი, რომელსაც ახალი ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მკურნალობას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადის. ექიმების შეფასებით, სამივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ერთს აქვს ტემპერატურის მცირედი მატება და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები, თუმცა მედიკოსების თქმით, ყველა შემთხვევაში ვირუსი მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს.

18 პაციენტს აკვირდებიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში. არცერთ მათგანს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს.

კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სულ 6 საკარანტინო ზონაა მოწყობილი. 26 პირია მოთავსებული აბასთუმანში, 31 ადამიანი იყო საჩხერის საკარანტინო ზონაში, თუმცა მათი ნაწილი სახლში გაწერეს და თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცეს. საკარანტინო ზონაა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ამ ეტაპზე 4 პაციენტია, მათგან 3 სამხედრო მოსამსახურე. ისინი ბოლო დროს იტალიაში მოგზაურობდნენ.

ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ახალ რეკომენდაციებს გასცემს. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება სახელმწიფო უწყებებში, ასევე მატარებლებსა და სადგურებში. სპეციალური ხსნარით დამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მიწისქვეშა გადასასვლელები.

მეზობელ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ირანიდან ტვირთებსა და ფიზიკურ პირებს საქართველოში სპეციალური დერეფნის საშუალებით გამოატარებენ.

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი 65 ქვეყანაშია გავრცელებული, ჩინეთში დღეს ყველაზე ცოტა ახალი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ვირუსი სწრაფად ვრცელდება ევროპის ქვეყნებში. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 80 ათასს აჭარბებს.

დღის ამბები