კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.
ახალციხის მეხუთე სკოლის შენობა - საკლასო ოთახები, საპირფარეშოები და დერეფნები სპეციალური ხსნარით დაამუშავეს. დეზინფექცია უტარდება ყველა ნივთს, რომელსაც შესაძლოა, მოსწავლე შეეხოს.
სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სადეზინფექციო ხსნარი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიძინეს და ის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო გურიის რეგიონშიც. დღეს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა ქალაქში მდებარე შენობებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.
აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება საბავშვო ბაღებში, საჯარო სკოლებსა და სპორტულ დაწესებულებში. სადეზინფექციო სამუშაოების დასრულება პარასკევისთვის არის დაგეგმილი.