30 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 წლის გახდა - მთავარი კინომოვლენა პირველ დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში" ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით გაიხსნება

უკვე მეოცედ და ტრადიციულად დეკემბერში კინო სამყაროს 8-დღიანი მოგზაურობა იწყება. წელს ფესტივალი 20 წლის გახდა. კიდევ 1 წლით გაზრდილი და გაძლიერებული მთავარი კინომოვლენა 1 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით "შანტაჟი" ("Blackmail" 1929) გაიხსნება. ფილმს ცოცხალი მუსიკის თანხლებით აჩვენებენ და გახსნის ცერემონიალს სპეციალურად "შანტაჟისთვის" 2007 წელს შექმნილი მუსიკის ავტორი კომპოზიტორი ნილ ბრენდიც დაესწრება.

ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა ბრიტანეთია. ფესტივალის და ბრიტანული სეზონის ინიციატივით, პროგრამა უახლესი გამორჩეული ბრიტანული ფილმების ჩვენებას, ბრიტანული კლასიკური კინოს მცირე რეტროსპექტივას და სხვა აქტივობებს მოიცავს.

ფესტივალის მნიშვნელოვანი სიახლეა ბრიტანული პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტი 90-წამიანი ფილმების კონკურსი "დეპიქტი!", რომლითაც საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას თბილისის და ბრისტოლის კინოფესტივალებს შორის.

წლევანდელ ფესტივალზე  სექციებში: "ევროპული კინოფორუმი", "ამერიკები", "ჰორიზონტები", "რეჟისორი ფოკუსში", "ქვეყანა ფოკუსში", "ქართული პანორამა", "აპოლო: კინომეხსიერება" და "განსაკუთრებული კინოჩვენებები" ევროპულ და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს აჩვენებენ.

8 დღის განმავლობაში 100-მდე ფილმი იქნება ნაჩვენები. კინოინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებისთვის მასტერკლასები და ვორქშოფები გაიმართება​. წელს "ოქროს პრომეთე" საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორებს გადაეცემათ. მე-20 საიუბილეო ფესტივალის რეჟისორის ფოკუსში არგენტინელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი მოხვდა. მას და ირაკლი კვირიკაძეს საპატიო "პრომეთე" ელოდება. ფესტივალის მიწურულს მიხეილ კობახიძის "ქორწილის" ჩვენებაც იგეგმება.

დღის ამბები