30 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
დაზარალებულის სტატუსი თვალის დაკარგვიდან 5 თვის შემდეგ - გიორგი სულაშვილი კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენას ითხოვს

გიორგი სულაშვილს დაზარალებულის სტატუსი თვალის დაკარგვიდან 5 თვის შემდეგ მიენიჭა. როგორც 20 ივნისის ღამეს დაშავებული სულაშვილი ამბობს, ამით ბედნიერი ვერ იქნება, თუმცა მიაჩნია, რომ შედეგის მისაღწევად დღეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მიიღო.

გიორგი სულაშვილის ოპერაციის გასაკეთებლად გერმანიაში მიდის, საქმის მასალებს კი მომდევნო კვირაში საიას იურისტები გაეცნობიან. პროკურატურის განცხადებაში, სადაც საგამოძიებო უწყება სტატუსის განსაზღვრის საფუძველს განმარტავს, მხოლოდ შესაძლო დანაშაულის ნიშნებზეა საუბარი. თავად დაზარალებულის მთავარი მიზანი კი კონკრეტული დამნაშავეების გამოვლენაა.

გამოძიების მიმდინარეობის მიმართ კვლავ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს საიას, რომელიც როგორც გიორგი სულაშვილის, ასევე მაკო გომურის და კიდევ რამდენიმე დაშავებულის უფლებებს იცავს. გომურს დაზარალებულის სტატუსი 2 კვირის წინ მიენიჭა, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალების გაცნობის შესახებ მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაცვის მხარეს საქმის 48 ტომიდან 2 გადასცეს, სადაც მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და რამდენიმე აქტივისტის ჩვენებაა. რევაზ აჭარაძე გეგმავს, რომ მასალების სრულად მისაღებად პროკურატურას ხელმეორედ მიმართოს.

დაზარალებულის სტატუსის მიღებას და საქმის მასალების გაცნობას 40-ზე მეტი დაშავებული ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. მათ შორის არამხოლოდ აქტივისტები, არამედ მედიის წარმომადგენლებიც არიან. "ადამიანის უფლებათა ცენტრმა", რომელიც იურიდიულ დახმარებას რამდენიმე დაშავებულს უწევს, სტატუსის მინიჭების მოთხოვნა პროკურატურაში სამჯერ გაგზავნა. მომდევნო კვირის დასაწყისში ორგანიზაცია საგამოძიებო უწყების უარს საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

20 ივნისის ღამეს ჯამში პოლიციელების ჩათვლით 200-ზე მეტი პირი დაშავდა. დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე მხოლოდ აქციის 8 მონაწილეს მიენიჭა, ეს იმ ფონზე რომ იგივე სტატუსი მომხდარიდან მალევე შს სამინისტროს 67-მა თანამშრომელმა მიიღო.

დღის ამბები