30 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
მოქმედი კანონით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება შეუძლებელია - ვისი ინტერესი დგას აკაკი ზოიძის ინიციატივის უკან

"ქართული ოცნების" დეპუტატ აკაკი ზოიძის ინიციატივის გახმაურების შემდეგ გაირკვა, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმი ვერ ჩატარდება - კონსტიტუციონალისტები ამ საკითხზე თანხმდებიან. კონსტიტუციაში წერია, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამ შემთხვევაში კი საუბარი სწორედ საკანონმდებლო, უფრო ზუსტად კი საკონსტიტუციო ცვლილებაზეა.

საერთო სახალხო გამოკითხვის მეორე გზა პლებისციტია, თუმცა, რეფერენდუმისგან განსხვავებით, პოზიცია რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დააფიქსირებს, მთავრობისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

პლებისციტს კანონით პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ცენტრალური საარჩევნო კომისია ატარებს. მნიშვნელოვანია ვადები - გამოკითხვა მისი დანიშვნის დღიდან მინიმუმ ორ, მაქსიმუმ კი 6 თვეში უნდა ჩატარდეს. კონსტიტუციონალისტები თვლიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ პლებისციტის ჩატარებაზე საუბრით დრო ჭიანურდება.

დროის გაჭიანურების მცდელობაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. პოლიტიკოსების აზრით, ახალი დისკუსიით "ქართული ოცნება" ყურადღების გადატანას ცდილობს, ზოიძის ინიციატივის უკან კი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესი დგას.

აკაკი ზოიძემ საარჩევნო სისტემის შესახებ რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარება 22 ნოემბერს მოითხოვა. "ქართული ოცნების" წევრი თვლის, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ მოსახლეობის აზრის გამოკითხვა მდგომარეობას განმუხტავს.

თუ თანაგუნდელები მის გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ, აკაკი ზოიძე პარლამენტის დატოვებას გეგმავს. დეპუტატის ინიციატივას უმრავლესობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ერთი რეფერენდუმი და ერთი პლებისციტი ჩატარდა. რეფერენდუმით 2003 წელს მოქალაქეების სურვილით საქართველოს პარლამენტის წევრების რაოდენობა 235–დან 150-მდე შემცირდა, პლებისციტით კი 2008 წელს მოსახლეობის 77%-მა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას დაუჭირა მხარი. სპეციალისტების და პოლიტიკოსების ნაწილი საერთო სახალხო გამოკითხვების ჩატარებას ქვეყნის დეოკუპაციამდე საერთოდ ეწინააღმდეგება, რადგან კანონში წერია, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონმა უნდა მიიღოს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები