30 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
გორის გზების ტენდერები მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახისთვის - რა არგუმენტებით პასუხობს აუდიტის დასკვნას გორის მერი

აუდიტის სამსახურის სკანდალურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც გორის მერიის ტენდერებს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ოჯახი იგებდა, ოპოზიცია კიდევ ერთ დადასტურებად მიიჩნევს იმისა, თუ რას საქმიანობენ რეალურად მაჟორიტარები საკუთარ მუნიციპალიტეტებში:

"აუდიტის დასკვნაში კარგად არის გაშიფრული, თუ როგორ ცდება სახელმწიფო-საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გამოყენება პოლიტიკური გუნდის წევრების სარგებლობისთვის, მაშინ როდესაც ზიანდება მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის და ბიუჯეტის ინტერესები. ვგულისხმობ მაგალითად კომპანია "იბოლიას", რომლის დამფუძნებელი და მფლობელი არის ბატონი მაკრახიძე, დეპუტატი რომელმაც გადააგდო ქართული საზოგადოება, უარი თქვა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაზე, სამაგიეროდ უხვად იღებს თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იმისათვის რომ ბიუჯეტიდან მიიღოს მილიონები, ამისთვის ხდება სატენდერო პირობების მორგება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ მელიქიშვილი აუდიტის დასკვნაში მოყვანილი მონაცემების გარდა გორში სხვა დარღვევებზეც საუბრობს და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე მიუთითებს:

"2019 წელს 476 ათასი ლარია გამოყოფილი 10 მანქანის რეაბილიტაციისთვის. წარმოიდგინეთ რა მასშტაბის კორუფციაზე არიან გასულები," - აცხადებს მელიქიშვილი.

რაც შეეხება გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილი მიიჩნევს, რომ ტენდერებში ადგილობრივი კომპანიების გამარჯვებას განაპირობებს ისიც, რომ ამ კომპანიებს ადგილზე აქვთ ასფალტის ქარხანაც და სხვა საშუალებებიც:

გორში უჭირთ სხვა ორგანიზაციებს გამარჯვება, იმიტომ რომ ადგილზე აქვთ მაკრახიძესაც და სხვა ორგანიზაციებსაც ასფალტის ქარხანა, ტრანსპორტი, სულყველაფერი. როდესაც ჩამოდიან, ჩვენი ორგანიზაციები არ აძლევენ მასალას, რომელიც სჭირდებათ ადგილზე გასაკეთებლად, აქედან გამომდინარე ზუსტად ესაა მიზეზი, რომ ბევრ ტენდერებში იმარჯვებენ,"- განაცხადა გორის მერმა.

აუდიტის დასკვნაში, რომელიც 2017-2018 წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტებს შეეხება, საუბარია იმაზე, რომ გორის მუნიციპალიტეტმა გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისთვის 33 ტენდერი გამოაცხადა. პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების დეპუტატის ოჯახთან იყო დაკავშირებული.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს რისკი, მერიას პროცესი ისე წარემართა, რომ სატენდერო პირობები კონკრეტული მიმწოდებლების ინტერესებზე ყოფილიყო მორგებული, - აღნიშნავს აუდიტის სამსახური. დასკვნის თანახმად, მერიამ საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა

დღის ამბები