30 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
"ფაქტის წინაშე დაგვაყენეს, გაგვიჭირდა ცაიტნოტში მოქმედება"- კობახიძე "ურჩ" მაჟორიტარებზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ავტორმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი2-ის" ეთერში პირდაპირი ჩართვისას იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის გამოც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვერ მოხერხდა - მისი განმარტებით, თანაგუნდელებმა თავისი პოზიცია დროულად არ გაამხილეს:

"რაც შეეხება კომუნიკაციას და დისკუსიას გუნდის შიგნით, ჩვენ გვქონდა ამ დღეების განმავლობაში ამის არაერთი საშუალება, თუმცა იყო პრობლემა იმ კუთხით, რომ ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე, როცა დეპუტატების ნაწილმა დააყენა საკუთარი მოთხოვნები საკონსტიტუციო ინიციატივასთან დაკავშირებით და ამიტომ ჩვენ გაგვიჭირდა ცაიტნოტში მოქმედება.  ეს იყო მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს, ეს არის სასაყვედურო ფაქტი. შესაბამისად ამან გაართულა კონსულტაციები. რომ გვცოდნოდა ცოტა მეტი ხნით ადრე, გვექნებოდა საშუალება, რომ გვესაუბრა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და დაგვერწმუნებინა დეპუტატები. არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია, რომ იყო საწინააღმდეგო პოზიციები დეპუტატებში, ეს არ იყო გახმოვანებული,"- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე  ბიძინა ივანიშვილის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარე მაჟორიტარების „მოთმინების ფიალის ავსებას“ ნაციონალურ მოძრაობას აბრალებდა და კანონპროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებდა.

"ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არა ერთადერთი, რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება საარჩევნო სისტემას,  განსაკუთრებით მგრძნობიარეა თითოეული დეპუტატი, როცა საქმე ეხება მის არჩევნებს და მის პოლიტიკურ შანსებს, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასე იქნებოდა, თქვენ რომ უთხრათ აშშ-ის კონგრესის დეპუტატებს რომ 1 წელწადში გაუქმდება მაჟორიტარული არჩევნები, მათაც ექნებათ საკუთარი სუბიექტური ინტერესები და ხმების მეხუთედსაც ვერ მოაგროვებს, ჩვენ შემთხვევაში მეტი რესურსი იყო და ამიტომ გვქონდა იმედი, რომ გავიდოდა, თორემ ზოგადად შერეული სისტემის გაუქმების წინააღმდეგი, რომ არაერთი დეპუტატი იყო ეს ვნახეთ 2017 -2018 წლებში,"- აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა არჩევნები რიგგარეშედ ჩატარდება, თუ თავის დროზე, "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მაინც დაამარცხებს. კობახიძემ სხვა ოპოზიციური პარტიებიც გააკრიტიკა

"გინდ რიგგარეშე იყოს, გინდ მორიგი, გამარჯვების შანსები არ აქვთ და ორივეში დავამარცხებთ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის ჯერ კიდევ სამწუხაროდ მთავარი ოპონენტი, ეს გაუგონარი პოლიტიკური პარტიები ელაპარაკებიან ერთმანეთს ჩვენ ვესაუბრებით ხალხს, ჩვენი გეგმა არის ის რომ უნდა დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში და ამის რესურსი არსებობს, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ვიცით ვიგებთ არჩევნებს.ისინი არ ემზადებიან ამ არჩევნებისთვის, იმიტომ რომ იციან წააგებენ,"- განაცხადა კობახიძემ

კობახიძის თქმით, საეჭვოა, რომ არსებული რეალობა რამენაირად შეიცვალოს და პოლიტიკურ სპექტრს მოუწევს საარჩევნო სამზადისზე გადაერთოს:

"საუბარი იმაზე, რომ ხელახლა დავიწყოთ იგივე ინიციატივაზე საუბარი, არის საფუძველს მოკლებული, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, დარჩა ძალაში ის რეალობა, რომელიც ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ.  ძალიან საეჭვოა, რომ მოხერხდეს კიდევ ერთხელ კონსულტაციების დაწყება და წარმატების მიღწევა, ყველას მოვუწოდებ რომ გადაერთონ საარჩევნო სამზადისზე,"- აღნიშნა კობახიძემ.

დღის ამბები