30 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
იშლება თუ არა უმრავლესობა - ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებები და თანამდებობიდან წასული დეპუტატები 

იშლება თუ არა უმრავლესობა - საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებიდან 5 წუთში "ქართული ოცნება" 7-მა დეპუტატმა დატოვა. უმრავლესობიდან საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე თითქმის ყველა ლიდერი წავიდა - ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და მისი მოადგილე ირინა ფრუიძე, ამავე კომიტეტის წევრები გიორგი მოსიძე და ზაზა ხუციშვილი. ასევე უმრავლესობიდან წავიდნენ საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა და მისი მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი. "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა დეპუტატებმა განმარტეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასა და პარტნიორებს სულ სხვა მოლოდინი ჰქონდათ, რაც მმართველმა გუნდმა ვერ გაამართლა.  

რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ უმრავლესობიდან წასვლის შესახებ განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმაც

უმრავლესობიდან წასული დეპუტატების რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, "ქართულ ოცნებაში" არ მალავენ, რომ სხვა მოლოდინები ჰქონდათ.

"ქართულ ოცნებაში" თანაგუნდელების წასვლის გამო წუხილი გამოთქვეს, თუმცა განმარტეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა პარტიულ დემოკრატიას უკავშირდება. უმრავლესობიდან არ აპირებენ იმ მაჟორიტარების გარიცხვას, რომლებიც გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდნენ.

მაჟორიტარები, რომელთა წინააღმდეგობის გამოც დღეს "ქართული ოცნების" მიერ გაცემული დაპირება ვერ შესრულდა, ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს უხდიან, თუმცა "ქართული ოცნების" რიგების დატოვებას არ აპირებენ.

წინასწარ დაგეგმილი სპექტაკლი უწოდეს დღეს ოპოზიციის წევრებმა მაჟორიტარების ე.წ. ამბოხს. ოპონენტები ხელისუფლებას საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ ვაკანტურია ვიცე-სპიკერისა და 3 კომიტეტის თავმჯდომარის პოსტები. 

დღის ამბები