30 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
აშშ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებს - ამერიკელი კონგრესმენები სოფელ ოძისში ჩავიდნენ

საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ამერიკელი კონგრესმენები ადგილზე გაეცნენ. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი და დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენი ალექს მუნი საოკუპაციო ხაზთან განაპირა სოფელ ოძისში ჩავიდნენ. კონგრესმენებმა საკუთრი თვალით ნახეს საოკუპაციო რეჟიმის რუსული სამხედრო ბაზა.

საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს არ აღიარებს. მისივე თქმით, მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება არ აქვთ რაც კანონის უხეში დარღვევაა.

"საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად არასდროს ვაღიარებთ. ესაა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. ეს არალეგალური ოკუპაციაა, ბორდერიზაცია გრძელდება და მოქალაქეების უფლებები დარღვეულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს რეალობაა და ჩანს თუ როგორ უარყოფით როლს თამაშობს რუსეთი, ეს არა მარტო აქ, არამედ უკრაინაშიც ხდება. მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება აქვთ, ამის შეზღუდვა არაკანონიერია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს განსხვავებას დასავლურ სამყაროსა და რუსეთს შორის, თუ როგორი ქვეყანაა რუსეთი. შტატების რუსეთის აქ ყოფნას არასდროს შეეგუება. როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა? აუცილებელია დისკუსია და საუბრები. შტატებს სურს საქართველო ნატოს წევრი გახდეს,"- ამბობს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი.

კიდევ ერთი კონგრესმენი ალექს მუნი კი ითხოვს,რომ მთელმა მსოფლიომ მიაქციოს ყურადღება თუ რა ხდება ამ ტერიტორიებზე. მუნის თქმით, ამერიკა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

"საქართველოში პირველად ვარ. ჩამოვედი რადგან უსაფრთხოებისა და მშვიდობის პრობლემით შეშფოთებული ვარ. ვფიქრობ მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები დააკვირდეს და ნახოს რა ხდება აქ. მთელმა მსოფლიომ უნდა მიაქციოს ყურადღება, იმას თუ რა ხდება აქ. მეტმა ხალხმა უნდა გაიგოს რას აკეთებს რუსეთი და როგორ ხდება ოკუპაცია. საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შტატები მხარს უჭერს,"-აცხადებს დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენი ალექს მუნი.

უკვე რამდენიმე კვირაა ცხინვალის საოკუპაციო ხელისუფლებას ჩაკეტილი აქვს ე.წ. საზღვარი, რის გამოც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად მხარეს გადმოსვლას ვერ ახერხებს. ცხინვალში შექმნილია საკვები და სურსათის დეფიციტიც.

დღის ამბები