30 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
გადაუხდელი ქირის გამო აგორებული დიპლომატიური სკანდალი - ყოფილი ელჩი ბრალდებებს უარყოფს

დიპლომატიური სკანდალი, რომელიც საქართველოს იმიჯს აზიანებს - ლიეტუვაში საქართველოს ყოფილ ელჩს ხათუნა სალუქვაძეს ბინის მეპატრონე 8 000 ევროს ედავება. თავად ქართველი დიპლომატი ამბობს, რომ მას არანაირი ვალი არ აქვს.

ვილნიუსის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, სადაც სახლის დაქირავება სოლიდური თანხა ღირს, საქართველოს ელჩმა თითქმის 6 წელი გაატარა. როგორც უცხოური პრესა წერს, ხათუნა სალუქვაძემ ვადის ამოწურვის შემდეგ ბინა არ დაცალა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებით, მეპატრონე ბინაში არ შეუშვა. ბინის მეპატრონემ, მანუელ გარსამ, სალუქვაძეს სასამართლოში უჩივლა და 8 000 ევროს ჯარიმის გადახდა მოითხოვა. გარსიას მტკიცებით, ყოფილმა ელჩმა სახლის ინვენტარიც გაანადგურა, რომლის ამსახველი ფოტოსურათებიც "კურიერმა" მოიპოვა.

ელჩის ამბავი პირველმა "ლიეტუვოს რიტასმა" დაწერა. მედიაორგანიზაციის მტკიცებით, ვილნიუსის სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა და ხათუნა სალუქვაძეს ქირის გადახდა დაავალდებულა. სტატიის მიხედვით, სალუქვაძემ 8 000 ევროს გარდა, ჯარიმის 150 ევრო და სასამართლოს მომსახურების 1200 ევრო უნდა დაფაროს.

თავად ხათუნა სალუქვაძე არ უარყოფს, რომ ბინის მეპატრონეს დავა დაწყებული აქვს, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება, მისი თქმით, არ არსებობს. საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვაში ბინას ესპანეთის მოქალაქე მანუელ გარსიასგან ქირაობდა. 

ელჩი ბინის ქირას, როგორც წესი, საკუთარი ხელფასიდან იხდის, თუმცა დიპლომატებს შესაბამისი ხელფასი სწორედ იმის გათვალისწინებით ენიშნებათ, რომ საცხოვრებლის საფასური გადაიხადონ. წლების განმავლობაში ქართველი დიპლომატი სახლის მეპატრონეს 2900 ევროს უხდიდა. ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ოქტომბერში გაუვიდა. ამის შემდეგ, სალუქვაძე ბინაში კიდევ რამდენიმე თვე ცხოვრობდა, თუმცა, მისი მტკიცებით, ახალი ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია. ოქტომბრის შემდეგ სალუქვაძე გარსიას 3050 ევროს უხდიდა, გარსია კი მას 5000 ევროს გადახდას სთხოვდა. როგორც ყოფილი ელჩი "კურიერთან" ყვება, ესპანეთის მოქალაქე თანხის გამოძალვას ცდილობდა.

ყოფილი ელჩის თქმით, ბინის მეპატრონესთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაქირავებული ბინა გაძარცვეს და ოჯახისთვის კუთვნილი ნივთები მოიპარეს. სალუქვაძის მტკიცებით, მან მეპატრონეს უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება მოსთხოვა და პოლიციას მიმართა.

ვითარებაში გასარკვევად "კურიერის" გადამღები ჯგუფი დღეს ვილნიუსში საქართველოს საელჩოშიც მივიდა, თუმცა მისიის ახალმა ხელმძღვანელმა მედიასთან გამოჩენა არ ისურვა. დუმილს ამჯობინებს საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროც.

ხათუნა სალუქვაძის დიპლომატიური სკანდალის შესწავლასა და განმარტებებს ელიან ოპოზიციაში. ამ დრომდე ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არ აქვთ არც "ქართულ ოცნებაში".

ლიეტუვაში ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე ცილისმწამებლური სტატიის ავტორს სასამართლოში უჩივლებს. დიპლომატი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული, რომლის უკან მდგომ დაინტერსებულ მხარეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის ურთიერთობის გაფუჭება სურს.

დღის ამბები