30 ნოემბერი 2024,   14:53
ვრცლად
ეს არის ანგარიშსწორება იმ მნიშვნელოვანი აქტივობის გამო, რომელსაც ის ახორციელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - მშვენიერაძე ანა დოლიძეზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მოთხოვნას ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას ანგარიშსწორებას უკავშირებს, რომელიც დოლიძის აქტივობებიდან გამომდინარეობს.

"ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ეს არის ერთგვარი ანგარიშსწორება მისი სამოქალაქო პოზიციების, მათ შორის იმ მნიშვნელოვანი აქტივობის გამო, რომელსაც ის ახორციელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და არ აძლევს საშუალებას, იქ გაბატონებულ კლანს ერთპიროვნულად და უმტკივნეულოდ მიიღონ სასურველი გადაწყვეტილება,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

საბჭოში განსხვავებული აზრის მიუღებლობის შესახებ საუბრობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე". სულხან სალაძისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება იყოს მიუღებელი საბჭოსთვის სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი. 

"არც ერთ შემთხვევაში, საუბარი სასამართლო სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე და ამ თემების გარეთ გამოტანა არ ნიშნავს რაიმე ფორმით დარღვევას. გარდა ამისა, ზოგადად, სხვა თემატიკაზე და სხვა სახის პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებას შეიძლება აწუხებდეს, ამაზე საუბარი ვერ წარმომიდგენია რატომ შეიძლება იყოს საბჭოსთვის პრობლემური“ - აღნიშნა სულხან სალაძემ. 

დღის ამბები